ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე და გეოგრაფი სტრაბონი აღნიშნავდნენ,  რომ კოლხთა მთავარ საქმიანობას თევზჭერა წარმოადგენდა. არგონავტებს ოქროსთან ერთად ხე-ტყე, თაფლი, თევზიც გაჰქონდათ.  გემოთი და ცხიმოვნებით გამორჩეული ზუთხი ხმელთაშუა ზღვაში არ მოიპოვებოდა.

ისტორიული დოკუმენტები მიუთითებენ, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში საზღვაო თევზჭერის საშუალო წლიური მოცულობა 5700 ტ შეადგენდა.

საქართველოს თევზის მეურნეობის განვითარება 1930წ სააქციო საზოგადოება `საქთევზის~ დაარსებით დაიწყო და ბათუმში, ფოთში, სოხუმსა და გაგრაში თევზის გადამამუშავებელი ქარხნები აშენდა, შეიქმნა გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, ხოლო 1960წ ფოთში საოკეანო თევზჭერის დეპარტამენტიც დაარსდა.
 

1930-1950წწ საზღვაო თევზჭერის საშუალო წლიური ჭერილი 2300-7600 ტ შორის მერყეობდა. ნადავლის შემადგენლობას ქაფშია, სტავრიდა და ორაგული, კეფალების, ქაშაყებისა და ზუთხების რამოდენიმე სახეობა ქმნიდა.

70-იანი წლებიდან თევზმჭერი ტექნიკა და მეთოდები სრულიად შეიცვალა. შედეგად, ჭერილი 36 ათას ტონამდე გაიზარდა.

ჭერილის ყველაზე დიდი ოდენობა –  212 ათასი ტონა – 1980 წ დაფიქსირდა. ამ დროისათვის თევზჭერის სტატისტიკაში შავი ზღვის ქაფშიას დომინანტური პოზიცია  ეკავა და სრული ჭერილის 40% შეადგენდა.  
 
ქაფშია ყველაზე მასიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა იყო და არის შავ ზღვაში. მისი   ქარავნის ჩამოყალიბება ხდება, ძირითადად, გამოზამთრების არეალში თურქეთის ანატოლიისა და საქართველოს სანაპიროსთან, რასაც ემყარება რეწვა.   

საქართველოს სანაპიროზე 80-იან წლებში, ყველაზე ინტენსიური რეწვის პერიოდში ქაფშიის წილი  ზღვის  მთლიანი ჭერილის 90%, რაც თავის მხრივ შავი ზღვის აუზში ქაფშიის მთლიანი ჭერილის დაახლოებით 40% შეადგენდა: საშუალო მარაგი 400 ათასი ტონა და საშუალო ჭერილი 80 ათასი ტონა დაფიქსირდა. მარაგის მაქსიმალური ოდენობა 550 ათას ტონა და ჭერის მაქსიმალური მაჩვენებელი 175 ათასი ტონა 1988 წ აღინიშნა. ჭარბჭერის მიზეზი საქართველოს სანაპიროზე პოლიტიკურ წიაღსვლებს უკავშირდება. საზღვაო კონვენციის რატიფიკაციით საბჭოთა მთავრობა აიძულეს გაეწვია თევზმჭერი ფლოტი უცხო ქვეყნების სანაპიროებიდან და საქართველოს ვიწრო და მოკლე შელფში 220 ერთეულ სეინერს ოპერირების უფლება დართეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პერიოდში თურქეთის თევზმჭერმა ფლოტმა ქაფშიის მაქსიმალური ოდენობა ამოიღო. შედეგად, 1990/91 წლების სეზონზე მდგრადი მოზამთრე ქარავანი ვერ შეიქმნა.

 ჭარბჭერას ორივე ქვეყნის სანაპიროზე კიდევ ერთი ანთროპოგენული პრესის შედეგი დაერთო. საერთაშორისო ნორმებით არარეგულირებადმა ოპერირებამ შავ ზღვაში უხერხემლო მტაცებლის – სავარცხლურას შემოსახლება და მასიური გამრავლება გამოიწვია. შექმნილი დრამატული სიტუაცია გახდა მიზეზი 90-იან წლებში მთლიანად შავ ზღვაზე, მათ შორის საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მარაგის, და შესაბამისად, ჭერილის მკვეთრი შემცირების.

დამოუკიდებელ საქართველოს ქაფშიის 270 ათასი ტ ყოველწლიური საშუალო მარაგი და 2-7 ათასი ტონა – ყოველწლიური ნადავლი ერგო. ამორტიზირებული თევზმჭერი ფლოტი 36 ერთეული საშუალო სიმძლავრის სეინერისგან შედგებოდა. ამ მონაცემებში არ ფიგურირებს აფხაზეთის სანაპიროზე კონცენტრირებული ქარავნის ოდენობა, ჭერილი და ჭერის საშუალება. შეწყდა საოკეანო ჭერა. პრობლემებს ქმნიდა გასაღების ბაზრის უქონლობა, საწვავ-საპოხის სიძვირე, სათადარიგო ნაწილების არარსებობა და სხვა.

1997 წლიდან  ქაფშიის ჭერის მოცულობა გაიზარდა უკრაინული და თურქული სეინერების შემოსვლით. მხოლოდ უკრაინის მხარესთან გაფორმდა ხელშეკრულება თევზჭერის თაობაზე. უკანონო, აღურიცხავი თევზჭერით ქვეყნის ბიუჯეტში მიზერული თანხები შედიოდა. ქართული ფლოტის წვლილი კი უმნიშვნელო იყო, რასაც ეკონომიკური პირობები იწვევდა. რეწვას ეწეოდა სულ 71 ერთეული სეინერი.  

90-იანი წლების დასასრულისათვის თურქეთის ტერიტორიულ წყლებში სეინერების რაოდენობა 250-დან 350 ერთეულამდე, ხოლო ჭერილი 250 ათას ტონიდან 300 ათას ტონამდე გაიზარდა, რითაც კიდევ ერთხელ ჩავარდა საფრთხეში ქაფშიის მარაგი შავ ზღვაზე.
 
საქართველოს სანაპიროზე არარეგულირებადი ჭერისა და დაბინძურების შედეგად შემცირდა ჭერილში სარეწაო მნიშვნელობის სახეობათა რაოდენობა რამოდენიმე ათეულიდან 4 ერთეულამდე.
 

დაინტერესდით?

ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე და გეოგრაფი სტრაბონი აღნიშნავდნენ,  რომ კოლხთა მთავარ საქმიანობას თევზჭერა წარმოადგენდა. არგონავტებს ოქროსთან ერთად ხე-ტყე, თაფლი, თევზიც გაჰქონდათ...

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები