ზურგის ფარფლში სხივი 27-48, ანალურში 16-36. ფარეკლები: ზურგისა 7-19, გვერდისა 24-44, მუცლისა 6-13. თავის ზედა ფარები რადიალურ მარცვლოვანია, ერთიმეორისაგან მცირედაა დაშორებული, ფარეკლების რიგებს შორის სხეული დაფარულია რამდენიმე მწკრივად განწყობილი ვარსკვლავისებური ფირფიტებით. ლაყუჩის კბილაკები  ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. ულვაშები სადა, პირამდე ვერ აღწევენ, ხოლო წინ დინგის ბოლომდე აღწევენ. სიგრძე 230 სმ-მდეა, წონა 80 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო მცირე ზომისა.

ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ. საქართველოს გარეთ ცნობილია: შავი და აზოვის ზღვებში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ.

გამსვლელი თევზია. ძირითადად ცხოვრობს ზღვაში. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ენგურში ადის სოფ. ჯვარამდე, ხოლო რიონში – სამტრედიამდე (რიონჰესის აგებამდე ადიოდა ქუთაისამდე). იკვებება ძირითადად ლოკოკინებით (75%), კიბოსნაირებით, ჭიებით, თევზებით და სხვ.

მამალი სქესობრივად მწიფდება 8-14 წლისა, დედალი – 10-20 წლისა. ტოფობს მაისიადან სექტემბრამდე. ნაყოფიერება აღწევს 72-837 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრია 3-3,5 მმ.
 
ძვირფასი სარეწაო თევზია. ადრე შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მისი მოპოვება ხდებოდა დიდი რაოდენობით ფოთის, ანაკლიისა და სხვა პუნქტებში. XIX საუკუნის 70-იან წლებში რიონში დაჭერილ იქნა 480-640 ცენტნერამდე, 1927-1928 წლებში კი მხოლოდ 125 ცენტნერი; ასევე მცირე რაოდენობით იჭერდნენ მდ. ენგურის შესართავთან, 1955 წელს აქ მოიპოვეს ზუთხის (თართის) 13 ეგზემპლარი. საერთო წონით 250 კგ. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია.

დაინტერესდით?

ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური,ოქუმი,...

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები