საზოგადო სახელი: მურწა ლათინური დასახელება: Barbus mursa სახეობა: მურწა წარმოშობა: მურწა წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ენდემურ ფორმას. კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შიდა ქართლსა და კახეთში ციმორს უწოდებენ.

გავრცელების გეოგრაფია განისაზღვრება: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი.

 მტკნარი წყლის თევზია.  საბინადროდ ამჯობინებს მდინარის ჩქარ, ქვაქვიშიან ადგილებს და ნაკლებად ეგუება მდგარ წყლებს.

მოკლე აღწერა:

წაგრძელებული, თითისტარისებური ფორმის სხეული აქვს და დაფარულია წვრილი ქერცლით; თავის სიგრძე მეტია სხეულის სიმაღლეზე; შუბლი ამოზნექილი, თვალები პატარა, დინგი მოგრძო, ძლიერ განვითარებული ტუჩებით. ქვედა კუნთოვანი ტუჩი სამად არის გაყოფილი; აქვს ორი წყვილი ულვაში, რომელთგან უკანა წყვილი უფრო გრძელია.

 აქვს 10-დან-18- მდე ხახის კბილები. ზურგი მოყავისფროა და დაჰკრავს მომწვანო ელფერი; გვერდები მომწვანოა-მოყვითალოა, ხოლო მუცელი ღია მოყვითალოა. მკერდის წყვილი ფარფლი ღია მოყვითალო ფერისაა, დანარჩენი კი უფრო მუქია და დაჰკრავს მოწითალო-ნარინჯისფერი. ახალგაზრდებს გვერდებზე ემჩნევათ მუქი ლაქები, რაც ასაკის ზრდის კვალობაზე ქრება. სხეულის სიგრძე 40-სმ-ს, წონა კი 0,5 კგ-ს აღწევს; ზოგიერთი მონაცემით კი ეს მაჩვენებლები 50 სმ-ს და 1 კგ-ს შეადგენს, შესაბამისად. ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა ზომის. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. ტოფობს მაის-ივნისში, მდინარის ქვაქვიშიან ფსკერზე. ნაყოფიერება (ქვირითის რაოდენობა) იცვლება 3000- დან 23000- მდე. იკვებება ძირითადად წყლის მწერებითა და მათი მატლებით, აგრეთვე კიბოსნაირებით.

 

დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის აუზის ყველა მდინარეში: ხრამში, არაგვში, ქსანში,

 

ლიახვში, ფოცხოვში, იორში, ალაზანსა და მის შენაკადებში ილტო, ხევისჭალა, სტორი, ლოპოტა, ჩელთი, დურუჯი, ბურსა, კაბალი, აგრეთვე ჯანდარის ტბაში, შედარებით ნაკლებადაა სიონის, თბილისისა და პალდოს წყალსაცავებში.

უმეტეს მდინარეებში გავრცელებულია მთელ სიგრძეზე. ძალიან გემრიელი და ძვირფასი თევზია, მაგრამ რაოდენობრივი სიმცირის გამო ნაკლები სარეწაო მნიშვნელობა აქვს. სპორტული თევზჭერის საკმაოდ კარგი და საინტერესო ობიექტია.

 

 

დაინტერესდით?

საზოგადო სახელი: მურწა ლათინური დასახელება: Barbus mursa სახეობა: მურწა წარმოშობა: მურწა წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ენდემურ ფორმას. კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შიდა ქართლსა და კახეთში ციმორს უწოდებენ.

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები