სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფაში მეთევზეობის წვლილი უმნიშვნელოვანესია. მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%-ზე მეტია, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. შიდა ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით.
2016 წელს ქვეყანაში შემოტანილია 279,8 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი თევზი, 5 მილიონ 829 ათასი დოლარის ნედლი თევზი. 26 მილიონ 350 ათასი დოლარის გაყინული თევზი. როგორც ხედავთ, ციფრები არცთუ უმნიშნელოა და ეს იმ დროს, როცა საქართველოს მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან კარგი რესურსი აქვს, რადაც ვერ ვიყენებთ.

მეთევზეობის სექტორი, სამწუხაროდ, არათანაბრად და უსისტემოდ ვითარდება. ჩვენთან ძირითადად გავრცელებულია საზღვაო, სატბორო და სამდინარო თევზის მოპოვება. ამჯერად ყურადღება სატბორო მიმართულებაზე მინდა გავამახვილო, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოს მცირედი ხელშეწყობითა და ფერმერთა ძალისხმევით განვითარების გზას დაადგა.

სამწუხაროდ, დღეს დარგში სპეციალისტების სიმცირეა და მათი კვალიფიკაციის დონეც დაბალია. სუსტად არის განვითარებული ლაბორატორიული კვლევები.

დღეს კერძო სექტორის, ასოციაციათა და უშუალოდ „მომავლის ფერმერის“ მიზანია მაქსიმალურად წავახალისოთ ეს მიმართულება და თევზის წარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს დავეხმაროთ, რათა ხელშესახებად გავაუმჯობესოთ შიდა წარმოების მაჩვენებლები.

დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ვეტერინარული მომსახურება.

რამდენიმე დღის წინათ „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები ამერიკელ სპეციალისტთან ერთად სიტუაციის გასარკვევად ცივი წყლის ტიპის რამდენიმე სატბორე მეურნეობას (კალმახი) ეწვივნენ და ბიორაციონალური ტექნოლოგიების ცენტრის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში სხვადასხვა წონის დაავადებული თევზების დიაგნოსტირება ჩაატარეს. შედეგი არასახარბიელო იყო.

ფერმერულ მეურნეობებში (როგორც კალმახის, ისე — ზუთხის) პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიქცევს, რისკებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული. სწორედ ამ რისკების სიღრმისეული ანალიზი და მათი აღმოფხვრაა საჭირო, თუკი პრეტენზია გვაქვს სატბორე მეთევზეობის განვითარებაზე. ამ რისკების გათვალისწინება სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუტებს მართებთ.

ფერმერებს გამოსაზრდელი მეურნეობები ძირითადად საბანკო რესურსებით აქვთ მოწყობილი. ვინაიდან ჩვენთან ქვირითის წარმოება არ არის განვითარებული, ლიფსიტები ძირითადად შემოჰყავთ მეზობელი ქვეყნებიდან, რაც დაავადებების შემოტანისა და გავრცელების რისკს ზრდის.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფერმერთა ნაწილი სარგებლობს სესხის შეღავათიანი პირობებით, მაგრამ თანხა გაცემულია წელიწადნახევრის ან ორი წლის ვადით, რაც საფუძველშივე არასწორია, რადგან სასტარტო მეთევზე ფერმერის მოგება იწყება ორი წლის შემდეგ. შესაბამისად, დღეს ასეთ სასტარტო ფერმერთა დიდი ნაწილი საბანკო სესხის დასაფარად სხვა ფინანსურ რესურსებს ეძებს, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მათი გამოცდილებით გრძელვადიანი და კონკრეტულ დარგს მორგებული სესხები ბევრად ეფექტიანი იქნებოდა.

ძირეული საკითხების მოუგვარებლად სატბორე ფერმერული მეურნეობების განვითარება შეუძლებელია და მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმით დაკავებულ ფერმერთა ცოდნის ამაღლება, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას. მათი გათვალისწინება ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია. რეკომენდაცია შემუშავებულია ამერიკელ იხტიოპათოლოგ, თევზის მიკრობიოლოგ დუგლას მაკეინთან ერთად.

ლიფსიტების შეძენისას აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა ჯანმრთელი, სადედე გუნდიდან და ხარისხიანი ქვირითიდან მიღებული. ამის გარეშე რისკის ქვეშ არის მოქცეული მთელი წარმოების პროცესი, ვინაიდან ქვირითში შეიძლება ლოკალიზებული იყოს ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები.
ფერმერებმა შეძენის დროს უნდა მოითხოვონ, რომ ლიფსიტები 3 დღის ნაშიმშილები მაინც იყვნენ. თუ ამ პირობებს არ დაიცავენ, ისინი ტრანსპორტირებისას დაკარგავენ რაოდენობის 10-15%-ს.
ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) ლიფსიტის გადმოყვანის დროს მის წონას, წყლის მოცულობაში ლიფსიტების რაოდენობას.

ბ) ჟანგბადის რაოდენობას წყალში, რადგან ტრანსპორტირება წარმოადგენს სტრესს თევზისთვის.

ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში ჩასმამდე თევზი უნდა გაიბანოს სუფთა წყალში (დეზინფექცია ჩატარებულ წყალში), სხეულისა და ლაყუჩების გასუფთავებისათვის გამოიყენეთ 5%-იანი მარილწყალი.
ცოცხალი თევზის ჩასმა სატრანსპორტო ჭურჭელში უნდა მოხდეს სწრაფად (არაუმეტეს 2 საათისა) და ფრთხილად.
თევზის გადაყვანა სასურველია ღამის საათებში, ადრე დილით ან საღამოს.
ნებისმიერი თევზის ლარვის ტრანსპორტირება შესაძლებელია გამოჩეკვიდან 4 დღის შემდეგ, როცა საცურაო ბუშტი შეივსება ჰაერით.
ტრანსპორტირების დროს პერიოდულად გასინჯეთ წყლის ტემპერატურა (5 საათში ერთხელ).
წყალი, რომლითაც განხორციელდა თევზის ტრანსპორტირება, არ შეიძლება ჩაისხას ტბორში.
ავტოცისტერნამ ნორმით უნდა გადაზიდოს 30 ათასი ცალი ლიფსიტა, რასაც ფერმერთა უმეტესობა არ იცავს. ამ დროს დანაკარგი შეიძლება იყოს 10-30 %, ნორმის შემთხვევაში 7-8 საათის მგზავრობის დროს დანაკარგი 5%-ს არ აღემატება. 12-15 გრამიანი ლიფსიტების გადაყვანის დრო 5-6 საათია. წყლის ტემპერატურა <100C.
ლარვების ტრანსპორტირების ნორმაა 100 000 ცალი 5 საათში, დროის ზრდასთან ერთად მცირდება რაოდენობაც.
ლიფსიტის მიღებისთვის უნდა იყოს დამატებითი ტბორები, რომელთაც ექნებათ ადგილობრივი წყალმომარაგება, ამით ფერმერები გადაარჩენენ ლიფსიტის რაოდენობის 10-15%-ს. სასურველია ლიფსიტების გამოზრდა ასეთ აუზში 20გრ-მდე. ეს პერიოდი არის ყველაზე რისკიანი ლიფსიტებისთვის, განსაკუთრებით ვირუსული დაინფიცირებისთვის.
აუცილებელია იმ ტბორის ტემპერატურა, საიდანაც ლიფსიტები გადმოჰყავთ, დიდად არ განსხვავდებოდეს მიმღები ტბორის ტემპერატურისგან.
ცისარტყელა კალმახის გამოზრდის ოპტიმალური ტემპერატურა +16-180C-ია.
ყველაზე მთავარია წყალში ჟანგბადისა და ტემპერატურის კონტროლი. ლიფსიტის წონამატზე დიდ გავლენას ახდენს წყალში ჟანგბადის რაოდენობა და მისი შეთვისება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100%-ზე მეტი ჟანგბადის შეთვისება (ანუ ზედმეტი ჟანგბადი) მომაკვდინებელია თევზისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია კალმახის კვება, რაც ფაქტობრივად საკალმახე მეურნეობის წარმატებულ საქმიანობას განსაზღვრავს.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია მართკუთხა ტიპის ავზები. ჩვენ გირჩევთ მრგვალი ტიპის ავზებს, რადგანაც უკეთესად იწმინდება ბუნებრივად წყლის თვითდინებით, არ ხდება კუთხეებში ჭუჭყის დაგროვება, წყლის ნაკადის მოძრაობა უკეთესია, თანაბარია, ზრდის ჟანგბადის რაოდენობას წყალში, ამცირებს ინფექციების გავრცელების რისკს და იძლევა შედარებით უფრო მეტი თევზის გამოზრდის საშუალებას, დეზინფექციისთვის უფრო მოსახერხებელია.
სასურველია, თევზის გამოსაზრდელი ავზი მთლიანად ბეტონის (ფსკერის ჩათვლით) იყოს ან სპეციალური თანამედროვე გამოსაკრავი (კაუჩუკის, სხვა მასალის) საშუალებები, რომელიც ბეტონზე იაფი ჯდება სადეზინფექციო ღონისძიებების უკეთესად განსახორციელებლად.
აუცილებელია საკალმახე მეურნეობების წყლის ფილტრაციის სისტემის დანერგვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფერმერების მიერ ხდება ერთი და იგივე წყლის რესურსების გამოყენება.
ბიოუსაფრთხოების მიზნით აუცილებელია პირველ რიგში ლიფსიტებთან მუშაობა და შემდეგ მოზრდილებში გადასვლა და არა პირიქით, ანუ ჯერ სამუშაოების ჩატარება დაბალი წონის ლიფსიტებში, შემდეგ კი უფრო მაღალი წონისაში.
სასურველია ინკუბატორში, ასევე ავზებში სხვადასხვა წონის თევზებთან მუშაობდნენ ცალკეული პიროვნებები მკვეთრად გაწერილი სამუშაო ფუნქციებით, ამასთანავე, არ შეიძლება ერთი და იმავე ინვენტარის გამოყენება სხვადასხვა წონის თევზებთან დეზინფექციის გარეშე.
არ გააკეთოთ ეკონომია ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის ხარჯზე!

დაინტერესდით?

ფერმერულ მეურნეობებში (როგორც კალმახის, ისე — ზუთხის) პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიქცევს, რისკებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული. სწორედ ამ რისკების სიღრმისეული ანალიზი და მათი აღმოფხვრაა საჭირო, თუკი....

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები